პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, "შუა დერეფნის" განვითარებისა და კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია, ერთიანი სატრანსპორტო ლოგისტიკური ქსელის შექმნა.
"რას ვაკეთებთ, რომ ჩვენი დერეფანი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი - 4 მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ - სრულდება ჩქაროსნული სატრანსპორტო გზის მშენებლობა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი იყო და მას ისტორიული პროექტიც შეიძლება ვუწოდოთ. ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა, გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამა. შევძელით და გავხსენით პირველი მშრალი პორტი. საბოლოო ჯამში, ქვეყნის შიგნით, რაც ეხება სატრანსპორტო ლოგისტიკური ქსელის შექმნას, ჩვენი სტრატეგიაა შევქმნათ ინტეგრირებული სისტემა, სადაც ეს ოთხი მიმართულება- საგზაო, სარკინიგზო, პორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტი ინტეგრირებულია ერთიან სისტემაში, ეს ჩვენს ქვეყანას აძლევს კონკურენტულ უპირატესობას. როდესაც ამ სისტემებს ერთმანეთთან დავაინტეგრირებთ, ჩვენ შევძლებთ რეგიონში ბიზნესს, გადამზიდველებს საუკეთესო ფასი შევთავაზოთ", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მისი თქმით, "შუა დერეფანს" დღევანდელი რეალობით, 6 მილიონი ტონა ტვირთის გამტარიანობა აქვს. 2020-2024 წლებში კი, ქვეყანამ 4.1 მილიონი ტონა ტვირთი გაატარა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტვირთების გატარებაზე მოთხოვნა გასამმაგდება და 12 მილიონი ტონა ტვირთის გატარება მოიაზრება.
"როდესაც საუბარია, რომ ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ ვითარდება, 63%-იანი ზრდა იყო 2023 წელთან შედარებით, ე.ი. რაღაცას სწორად ვაკეთებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რკინიგზის მოდერნიზაციას, რადგან შევძლოთ მეტი ტვირთის გატარება. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დაანონსა, 2029 წელს ჩვენ ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღებას ველოდებით", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
რაც შეეხება გარე ფაქტორებს, კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ ერთიანი, ინტეგრირებული ლოგისტიკური სატრანსპორტო და სატარიფო სისტემა შექმნას.
"აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებითაც მუშაობს, რადგან დროში ბიუროკრატიული პროცესები აჩქარდეს", - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.